
საქართველო პატარა ქვეყანაა კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე, შავი ზღვის პირზე. მისი დედაქალაქია თბილისი. მრავალფეროვანი ბუნების და მდიდარი ისტორიული წარსულის გამო, აქ, ევროპის და აზიის გასაყარზე, თვითმყოფადი კულტურა განვითარდა. იგი საუკუნეებს ითვლის. ქართული ხელოვნება მსოფლიო კულტურის რუკაზე ერთ-ერთი იმ წერტილთაგანია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.
|
რა განსაზღვრავს ქართული ხელოვნების ფენომენს, რით არის იგი გამორჩეული, რა არის მასში ყველაზე ფასეული? ამ კითხვებს უპასუხებს ჩვენი ელექტრონული გვერდები. მე მოგითხრობთ ქართული ხელოვნების შესახებ მათ, ვინც შეიძლება არაფერი იცით მის შესახებ, ან ცოტა გსმენიათ, ან შეიძლება იცნობთ კიდეც, მაგრამ იქნებ რაიმე ახალი მაინც ამოიკითხოთ ამ გვერდებზე. შევეცდები მოგითხროთ ქართული ხელოვნების შესახებ ერთი ამოსუნთქვით, ელექტრონული ფოსტის მარტივი, ინტიმური ენით, რადგან ვიცი, რომ ვესაუბრები ერთდროულად მრავალ სხვადასხვა (თითო) ადამიანს და არა დიდ აუდიტორიას. ბევრი თქვენგანი შეიძლება ღამით ეწვიოს ჩვენს WEB-გვერდს. მე მინდა შეგაყვაროთ ქართული ხელოვნება ისე, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გაგიჩნდეთ.
|
|
ადგილმდებარეობამ განსაზღვრა საქართველოს ისტორიაც და კულტურის თვითმყოფადობაც. ისტორია იმიტომ, რომ მომგებიანი მდებარეობის გამო, ქვეყანა მუდამ უცხოელ დამპყრობელთა „საკბილოს” წარმოადგენდა და მის ტერიტორიაზე განუწყვეტელი ომიანობა იყო. კულტურული მრავალფეროვნება კი, ცხადია, კლიმატურმა პირობებმა და ლანდშაფტმა განსაზღვრა. საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა მონაკვეთი ძალიან განსხვავდება და ქვეყანა იყოფა კიდეც ცალკეულ რეგიონებად: იმერეთი, ქართლი, რაჭა, სამეგრელო, სვანეთი, ხევსურეთი, აფხაზეთი, თუშეთი, აჭარა, კახეთი და სხვა. თითოეულ რეგიონს თავისი კუთხური ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, დიალექტი გამოარჩევს. ბუნება და კლიმატი განსაზღვრავს ამა თუ იმ ადგილზე აღმოცენებულ მხატვრულ ხერხებს და სახეებს. სხვადასხვა კუთხის მოსახლენი ტემპერამენტით და ფსიქოლოგიური თავისებურებებითაც განსხვავდებიან, რაც განსაკუთრებულ კვალს ამჩნევს მხატვრული შემოქმედების ნიმუშებს. მაგრამ ქართული ხელოვნება ამავე დროს ერთიანი ფენომენია, თავისი საერთო სახიასიათო ნიშნებით და თვითმყოფადობით. ქართული ხელოვნების ხიბლი რომ აღიქვა, აქაური ბუნება უნდა შეიგრძნო. ზღვის პირას უნდა ჩამოჯდე და მზის ჩასვლას უცქირო. სვანური კოშკის სახურავიდან გახედო ცხვირწინ აზიდულ ბუმბერაზ მწვერვალებს. |
|
შემოდგომის ფერებში ჩაფლული ნიკორწმინდას გუმბათი უნდა ნახო. მდინარეში სათევზაო ბადე ჩააგდო. სანთელივით აწვერილი ალავერდის თეთრი ტაძარი იხილო. დავით - გარეჯის უდაბნომ შეგაშფოთოს თავისი მდუმარებით. ანანაურის ციხე - სიმაგრის სათოფურებიდან გამოიჭვრიტო და თავი შუასაუკუნეების რაინდად წარმოიდგინო. ბაგრატის ტაძრის იდუმალებით მოცულ ნანგრევებთან დადგე. ფრთხილად დაძლიო ვანის ქვაბების მიუვალი ბილიკები. თბილისს მოახლოებულმა ჯვრის ტაძარს ახედო და მთასთან შერწყმული მისი სილუეტი დააფასო. მერე მამა-დავითიდან გადმოხედო თბილისს და გაიკვირვო, რომ ერთ პატარა ტერიტორიაზე, ერთმანეთის გვერდით არის აღმართული მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, მაზდეანური სამლოცველო, მუსლიმანური მეჩეთი, გრეგორიანელთა ტაძარი და ებრაელთა სინაგოგა. საქართველო ისეთი პატარაა, მისი ყოველი კუთხე სულ მოკლე ხანში, 10-12 დღეში შეიძლება მოინახულო, მაგრამ უფრო დიდი ხნით თუ ესტუმრებით ამ ქვეყანას, ცხადია, გაცილებით ბევრის ნახვას მოასწრებთ. გირჩევთ კიდეც ასე მოიქცეთ, რადგან საქართველო ღვინის უძველესი მწარმოებელია და აქაური ღვინის ჯიშების და ნაირნაირი კერძების დეგუსტაციამ არ შეიძლება დიდი დრო არ დაგახარჯინოთ. აუცილებლად უნდა გაესაუბროთ სხავადასხვა კუთხეში სხვდასხვა დიალექტზე მოსაუბრე, განსხვავებული ტემპერამენტის ადამიანებს, რადგან სწორედ ისინი ქმნიდნენ და ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს. ადამიანს ამოჰყავს კერამიკული ჭურჭელი, ჭედავს იარაღს, მღერის (უნიკალურია ქართული ხალხური მრავალსაუკუნოვანი მრავალხმიანი სიმღერები), აშენებს, ხატავს და ყველაფერს ამას უპირველეს ყოვლისა ცხოვრებისეული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აკეთებს. მაგრამ ამასთანავე, ყოველივე ამაში საკუთარ მხატვრულ ნიჭს და ნებას აქსოვს. ეს ნიჭი და ნება ქართველ ადამიანს საუკუნეების მანძილზე ხელოვნების ჭეშმარიტ შედევრებს აქმნევინებს. ამ მიწაზე უძველესი დროიდან სახლობდა ადამიანი. არქეოლოგებმა სწორედ საქართველოში მიაკვლიეს უძველესი ევრო-აზიელის ნაშთს, რომელიც დაახლოებით 1.6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. პალეოლითის ხანიდან საქართველო უკვე ინტენსიურად იყო დასახლებული. ადამიანები ამუშავებდნენ მიწას, აკეთებდნენ იარაღს. ამდენად, გასაგებია, რომ საქართველოს მიწამ უამრავი ნივთი შემოინახა, რომლებიც ახლა მუზეუმებშია გამოფენილი და ქართველი ხალხის საგანძურს წარმოადგენს. |
|
ქართულ ხელოვნებას უამრავი ადამიანი იკვლევდა და იკვლევს. ბევრი მათგანი ჩემი მასწავლებელი იყო, ბევრი ჩემი კოლეგაა. ყველას მინდა მადლობა მოვახსენო, ვინც თავის შრომით საფუძველი შექმნა ამ გვერდების მომზადებისათვის. ესენი არიან ისტორიკოსები და არქეოლოგები, რომლებმაც აღმოაჩინეს უძველესი ნივთები. ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ სიხარულს იწვევს მათში, მიწიდან გასუფთავების დროს მოულოდნელად ოქროს აელვარება, ან როგორ შრომას ითხოვს დამსხვრეული ნივთების შეკოწიწება და აღდგენა. ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ენათმაცნიერები შეისწავლიან არქიტექტურის, ფერწერის, პლასტიკის და სხვა სახის ნიმუშებს, ჩაჰკირჰიტებენ ხელნაწერებს და თავიანთი შესწავლის ობიექტებს ერთ ჯაჭვში ათავსებენ. ეს ჯაჭვი წლების გამნავლობაში მათივე შრომით ყალიბდება და ივსება. მუზეუმების თანამშრომლები ინახავენ და მეცნიერულად შეისწავლიან დაცულ ნივთებს. ამგვარად, ბევრი ადამიანი შრომობს ქართული ხელოვნების ნიმუშთა მხატვრული ფასის და მნიშვნელობის წარმოსაჩენად. მათი შრომა უკვალოდ არ ქრება.
|